შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით ბათუმში „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა.
გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა - აარონ მოსბიმ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობას. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინტერპოლსა და წევრ ქვეყნებთან ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლის მნიშვნელობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით არსებულ წარმატებულ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიება, რომელშიც ინტერპოლის წევრი 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.