შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე. მათ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ მოწყობილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, ასევე, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გამართული საზეიმო ღონისძიების საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ, როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შვილებთან ერთად. სტუმრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები პირადად მასპინძლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები მოქალაქეებს საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან აცნობენ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს.
სტუმრები ათვალიერებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკას, აღჭურვილობასა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს.
საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან განთავსებულ საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებულ პუნქტში, საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორები ღონისძიების სტუმრებს საპასპორტო კონტროლის იმიტირებულ პროცედურას უტარებენ, რის შემდეგაც აძლევენ საინფორმაციო რუკას, თუ რომელ ზონებს უნდა ეწვიონ.
„სიცოცხლის ზარის“ სტენდთან მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. ასევე, ისინი ინფორმაციას იღებენ "112"-ის თანამედროვე სტანდარტების სერვისების შესახებ, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულდება.
ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში განთავსებულ სტენდებზე სტუმრები ეცნობიან ქართულ-ევროპული ურთიერთობების და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველ მასალებს.
ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, ასევე მოწყობილია გასართობი სივრცეები.
მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში მასპინძლობენ და ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო გამოცდას აბარებინებენ, რის შემდეგაც იმიტირებულ, სამახსოვრო მართვის მოწმობას აძლევენ.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ბავშვებს იმიტირებულ შემთხვევის ადგილზე მასპინძლობს. პატარა „გამომძიებლები“ დეტალურად ეცნობიან, თუ როგორ ხდება თითის ანაბეჭდების აღება;
ასევე, მოზარდები სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილ სანაპირო დაცვის მცურავ საშუალებას - გემის 2D მაკეტს ათვალიერებენ.
დაცვის პოლიციის თანამშრომლები პატარა სტუმრების იმიტირებულ დაცულ სახლში მასპინძლობენ და მათ სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბავშვებისთვის, მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით, საინფორმაციო-შემეცნებით შოუს მართავს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც იგებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. გამარჯვებული ბავშვები სპეციალური სამახსოვრო პრიზებით ჯილდოვდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს სტუმრებს, საღამოს კი ღონისძიება კონცერტით დასრულდება.