შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გერმანიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსი ქრისტიან კლოსი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის მიზანი იყო ევროზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
გერმანული მხარის მიერ მთავარ გამოწვევად დასახელდა გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილი რაოდენობა. ნინო ჯავახაძემ გერმანელ სტუმრებს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები დეტალურად გააცნო.
მხარეებმა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების განხილვისა და საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთი კვირის წინ, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიასა და ავსტრიაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპოლს შორის მემორანდუმების გაფორმება დაიგეგმა, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.