"მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და კონცენტრირებულად წარმოგიდგინოთ ის ხედვა და რეფორმების გეგმა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. იმედია, გვექნება საშუალება, განვიხილოთ ყველაზე პრობლემატური საკითხები, შემდგომი კითხვა- პასუხის რეჟიმში.
დღეს ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. ამავდროულად, ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით.
დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, აქვს ახალი გამოწვევები: ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე, შემდგომ პრიორიტეტებს ვსახავთ.
დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. კარგად გვესმის, რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატება. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს დროული და სწრაფი. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენ წინაშე. კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა დიდი ხანია უკვე მომწიფდა და მისი ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული სახის.
კრიმინალური პოლიციის ნაწილში აუცილებლად უნდა გამოიყოს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი - ეს გახლავთ ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა აქაც აუცილებელია ერთიანი სინერგიის ეფექტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი - ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც ვფიქრობთ, რომ ძირეულად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და მისი შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებით, რეფორმის პირველადი მონახაზი უკვე არსებობს და მას უახლოეს პერიოდში, იანვრის თვიდან განვიხილავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამავდროულად, დაპირების სახით მინდა გითხრათ, რომ, როგორც კი საბოლოოდ მომზადდება რეფორმა, დაახლოებით, თებერვალში, ჩვენ მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ იგი ნებისმიერ ფორმატში, რომელსაც პარლამენტი ისურვებს.
შემდეგი მიმართულება, ასევე პრიორიტეტული, რომელიც სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, გახლავთ საზღვრის დაცვა. სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამინისტროს სისტემის, თუმცა ის გამოწვევები, რომლებსაც დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დაყოვნების საშუალება არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ კუთხით, ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვერდით გვიდგანან და ჩვენ, მათთან ერთდ, უკვე დავიწყეთ კონკრეტულ, ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესება, ასევე, ანალიზზე დაფუძნებული საზღვრის დაცვა. აქ ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომლებიც დღეს სისტემაში მუშაობენ. რა თქმა უნდა, უნდა გამოვყოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ის პოზიტიური კომპონენტი, როგორიც არის სასაზღვრო დაცვა. აქ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ვფიქრობ, ამ მიმართულებას გავაგრძელებთ.
მოვიდა საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის დრო. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიცია რეფორმირდა და ცვლილებები საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითადი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს სისტემაში, თავად ინსტიტუტში საჭიროებს დახვეწას. რეალურად, საპატრულო პოლიციის ინსტიტუციონალური მოწყობა და პროცესები ჯერ კიდევ დასახვეწია. საერთოდ არ მუშაობს ისეთი მექანიზმები, როგორიც არის გაციფრულება და დიჯიტალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურებასა და პოლიციის მომსახურებაზე მოქალაქეებში მოთხოვნის ზრდა ხდება. თუ სასწრაფოდ არ დავალაგეთ შიდა პროცესები, საპატრულო პოლიციის რეფორმირება და განვითარება რთული იქნება. ამიტომ ის პირველი ამოცანები, რომლებიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას, გახლავთ ინსტიტუციონალური გადალაგება და მისი შიდა პროცესების გაუმჯობესება იქ, სადაც შესაძლებელია დიჯიტალიზება, რათა გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. საპოლიციო სერვისები სულ უფრო და უფრო გაფართოვდება და საზოგადოების უსაფრთხოების მოთხოვნებს მოერგება.
თანამედროვე მიდგომების ნაწილში, ამ სამი ძირითადი კომპონენტის შემდეგ, როგორიც გახლავთ კრიმინალური პოლიცია, საზღვრის დაცვა და საპატრულო პოლიცია, ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიები, ინფორმაციისა და ანალიზის კომპონენტები ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძლებთ ამ რეფორმების შედეგების დანახვას იმ შემთხვევაში, თუ გავაგრძელებთ შინაარსობრივ მუდმივ რეფორმებს მთლიანად სისტემაში.
ამ რეფორმების ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ტექნოლოგიები, ინფორმაცია და ანალიზი. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება, არის ძირითადი კომპონენტი და ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც უახლოეს წლებში ორიენტირებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რა თქმა უნდა, აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს გახლავთ ადამიანური რესურსების მართვა. აშკარად ვხედავთ, რომ ის ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციონალური მოწყობა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს, პოლიციის აკადემიის სახით, არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა შესაძლებელია მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება. ვთვლით, რომ პოლიციის აკადემია უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული უწყება და ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ის იყოს უმაღლესი განათლების შემცველი. შესაბამისად, აქაც ვაპირებთ გარკვეულ გადალაგებას, რამეთუ პოლიციის აკადემია უნდა იყოს ერთ-ერთი და საბოლოოდ, ერთადერთი წყარო სისტემაში ადამიანების მოხვედრის. ეს არის ერთადერთი საუკეთესო საშუალება, მოვიზიდოთ საუკეთესო ახალგაზრდა კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ისეთ კომპონენტს, როგორიც არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალურ აპარატში შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, სანამ მთლიანად არ დასრულდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოო დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ. ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოება აღმოჩნდა ასეთი გამოწვევების წინაშე, რამაც დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა - ეს გახლავთ არასრულწლოვნებს შორის ძალადობის გამოვლენის ფაქტები. რეალურად, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც მიღებული იყო წელიწადნახევრის წინ და 2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გარკვეული შედეგები მოიტანა. რა თქმა უნდა, დასაფასებელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9% შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა, განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის, როგორიც არის ქურდობა.
ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდგომ, ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ კონცენტრირებულად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად და გამოჩნდა, რომ არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებიც ერთად უნდა მოვაგვაროთ.
ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ინსტიტუციონალურად მისი დაქვემდებარება უნდა იყოს პირდაპირ განათლების სამინისტროსთან და არა სკოლასთან. ასევე, უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით, რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრულწლოვანთა რესოციალიზაციაზე.
მოგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა, კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომელთა ნახევარი იყო ოჯახის წევრების მიერ დაფიქსირებული. შესაბამისად, დღეს სკოლა-პანსიონების სისტემა ქვეყანაში მოშლილია და ფუნქციონირებს მხოლოდ სამტრედიაში, ეს კომპონენტიც საჭიროებს განათლების სამინისტროსთან ერთად გარდაქმნას.
ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვიქნებით საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ისეთი ტრადიციული მიმართულებები, როგორიც გახლავთ ინტერპოლთან და ევროპოლთან ურთიერთობა, იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და განვითარებული. ამ მიმართულებით, იმედი გვაქვს ჩვენი კოლეგების და პარტნიორების, რომლებმაც უკვე დაგვიდასტურეს თავიანთი ინტერესი ჩვენს რეფორმებში აქტიური ჩართვის, ტექნიკური დახმარების და ასევე, ფინანსური დახმარების კომპონენტებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენთვის საგზაო უსაფრთხოების კომპონენტს აქვს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, გარკვეული წინსვლა და პროგრესი გვაქვს სტატისტიკის მიმართულებით, თუმცა დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების რიგებში ვართ. აქ სასწრაფოდ არის ტექნოლოგიური კომპონენტი შემოსატანი, რითიც, ადმინისტრირების გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც მოგვიწევს.
მსურს აღვნიშნო, რომ გვაქვს შინაარსობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართულებები, რომლებიც მუდმივად და პარალელურად იმუშავებს, მიმდინარე რეფორმებთან ერთად, როგორიც გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სერვისების განვითარება და ადამიანური რესურსების მართვა.
ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვაფიქსირებთ.
აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ის ორი რეფორმა, რომლებიც კრიმინალურ პოლიციას და საზღვრის დაცვას შეეხება, უახლოეს თვეებში დაიწყება და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მიდგომით შედეგებს დავინახავთ, დაახლოებით, 6-12 თვის პერსპექტივაში.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აღქმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული, რეალური მაჩვენებელი, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა არის შეუძლებელი. შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ღია, ტრანსფარენტული უწყება, რითიც, იმედი გვაქვს, რომ დავიმსახურებთ ნდობას, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისათვის ეფექტიანი საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად.
იქ, სადაც გვექნება საშუალება, მაქსიმალურად დავიცავთ პოლიციის მუნდირს და თითოეული პოლიციელის ინტერესს. იქ, სადაც იქნება საჭიროება, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება სწრაფი.
იმედია, ამ რეფორმებს თქვენთან ერთად გავატარებთ, უახლოეს პერიოდში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!"