შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს - ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
ვახტანგ გომელაურმა ჰუბერტ ქნირშს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.