შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო.
ავსტრიის ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ვოლფგანგ პეშორნის ოფიციალური მისალოცი წერილი გადმოსცა.
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.