შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ვახტანგ გომელაური სამაშველო და საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მინდა პირველ რიგში, მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მსურს, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, ყველასთვის, მით უმეტეს მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იცით, რომ ექვსი ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი - სასწრაფოსამედიცინო დახმარების ექიმი. უბედური შემთხვევა მოხდა.
გავრცელდა კადრები ინტერნეტშიც და ტელევიზიითაც, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ, თუ რამ გამოიწვია მართვის დაკარგვა.
სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს.
ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღესვე მოხდეს გარდაცვლილების გადასვენება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.