შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს 1403 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში მომხდარი სტიქიის დროს განვითარებული მოვლენები. ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მიიღო მონაწილეობა.
„13 ივნისის ღამეს, იმ საშინელ ღამეს, პირველივე წუთიდან, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, შსს-ს ყველა თანამშრომელი იქ ვიყავით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა. თქვენ იცით ჩვენი გმირი მაშველი. ქედი მინდა მოვიხარო მისი ვაჟკაცობის წინაშე, რომელმაც შვიდი ადამიანის გამოყვანა შეძლო იმ ღვარცოფიდან და თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ასევე, 22 ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, დღესდღეობით კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ.“
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, ასევე მეგობარ ქვეყნებს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების მიერ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი დიდი წვლილი და თანადგომა.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში „13 ივნისი“ 24 ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა.