შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან და საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ნომრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „112“-ის დეპარტამენტს ეწვია.
11 თებერვალს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, „112“-ის დღე აღინიშნება.
შს მინისტრმა და სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აქვე, „112“-ის ახალი სოციალური პროექტის „ერთი დღე „112“-ის ოპერატორად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთი დღის განმავლობაში „112“-ის ქოლ-ცენტრში, მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ. პროექტის მიზანია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალება მიეცეთ, თანამოქალაქეებს დაეხმარონ და გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციაში დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.
შს მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ოთხი წელია ფუნქციონირებს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი სამ ძირითად საგანგებო სამსახურთან თანამშრომლობს: პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. „112“-ის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანგებო სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს ეხმარებიან.