საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან და მეკავშირე ოფიცერთან, იაცეკ სტოხელთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ადამიანების გატაცებაზე, გენდერულ საკითხებსა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქართული მხარის მზაობას, დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მადლობა გადაუხადა განხორციელებული საქმიანობისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.