შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ალბერტ იონსონთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული არჩევნების მოსამზადებელ პროცესებში და არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ვახტანგ გომელაურმა გამოთქვა მზაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად ითანამშრომლოს და ინფორმაცია გაუზიაროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.