საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა.
„არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ მემორანდუმისა და გაცვლითი პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამართალდამცველის პროფესიის პოპულარიზება.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ბავშვები ბელარუსში გაემგზავრნენ, ბელარუსიდან კი საქართველოს მოზარდთა ჯგუფი ორი კვირით ესტუმრა. საქართველოში სტუმრად მყოფმა არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, პროგრამის ბოლოს კი ქუთაისის, მცხეთისა და თბილისის კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციისას, ბელარუსმა საქართველოს ავიაციით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები არასრულწლოვანთა გაჯანსაღების, საპოლიციო საგანმანათლებლო და ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით.