ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჯორჯიის შტატის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ანალიტიკურ განყოფილებას ეწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის მასპინძლებმა საგანგებო პრეზენტაცია გამართეს, რომელიც საგამოძიებო ანალიტიკური სამსახურის მუშაობას, სტრატეგიას, მიზნებსა და შედეგებს შეეხებოდა. აღნიშნული სამსახური ინფორმაციის დამუშავებას, სიღრმისეულ ანალიზს, საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრას და შესაბამისად, ეფექტურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.
„ჩვენ ვებრძვით ორგანიზებულ დანაშაულს, რაც თავის მხრივ, ხშირად ტერორიზმთან და სხვა მძიმე დანაშაულებებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე გონივრულად განსაზღვრულ სტრატეგიასა და ანალიზს დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ ევანსმა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და ანალიტიკური მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რეფორმირების პროცესშია. ჩვენ ვაყალიბებთ უწყებას, რომელიც თავისი არსით ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას გულისხმობს. ამდენად, ანალიტიკური მიმართულება უწყების შესაძლებლობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა შს მინისტრმა.
საქართველოს შს სამინისტროში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დამტკიცდა. იგი ქვეყანაში მართლწესრიგის განმტკიცებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ინფორმაციის მართვისა და ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. კონცეფციის თანახმად, შესაძლებელი იქნება როგორც ოპერატიულ-ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე, არსებული ვითარებისა და რესურსების გათვალისწინებით, რისკებისა და საფრთხეების პერიოდული შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, პრიორიტეტებად დაყოფა და მათი გადაწყვეტის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული საქმიანობა მნიშვნელოვნად გაზრდის პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.