შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ართვინის პროვინციას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბესელია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ბუხრაშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე - გოჩა ჯანჯღავა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ართვინის, არდაჰანის, რიზეს და ტრაბზონის პროვინციების პოლიციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ორმხრივ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გიორგი მეზვრიშვილი და ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული - გელა ჯაფარიძე.
აღნიშნული ვიზიტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მის მიზანს ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების სამართალდამცავ დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოსაზღვრე რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტის დასასრულს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.