შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ვარშავას ეწვია. ვიზიტი პოლონური მხარის მიწვევით, პოლონეთის პოლიციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით განხორციელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის სახელმწიფო პოლიციის დაარსების 100 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. მას ჯილდო პოლიციის ტრადიციების პოპულარიზაციისა და მიღწევების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. გიორგი გამსახურდია გასულ წელს პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდა. ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების წარმომადგენლები ერთმანეთს მუდმივად უზიარებენ გამოცდილებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.