შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ვარშავას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტი პოლონური მხარის მიწვევით, პოლონეთის პოლიციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით დაიგეგმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის სახელმწიფო პოლიციის დაარსების 100 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. გიორგი გამსახურდიას ჯილდო პოლიციის ტრადიციების პოპულარიზაციისა და მიღწევების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს პოლიციის ატაშე - გიორგი გამსახურდია გასულ წელს პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდა. ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას მუდმივად უზიარებენ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე.