შინაგან საქმეთა სამინისტროში, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ამ კუთხით არსებული თანამშრომლობის, გამოწვევების და სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ერთი წლის განმავლობაში წამოჭრილი საკითხების გადაჭრის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. ერთობლივი კომისიის შეხვედრები მონაცვლეობით, რეგულარულად იმართება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში.