საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის - ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია.
დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირველი შეხვედრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უწყების წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და პოლიციის აკადემია, სადაც შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.
ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.