საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ფათიჰ ინალმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას პოლიციელთა განათლების სფეროში. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიის და საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შორის დაგეგმილია საერთო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, ინფორმაციის გაზიარება სასწავლო კურსებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, თანამშრომლობა პოლიციის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.
თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელები გაცნობითი სახის ვიზიტით თბილისში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.