შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან - შერეფ მალქოჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოს სტუმრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სოფიო კილაძე.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების საკითხებში და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატს.
შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატებში მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.