შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბულგარეთის ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს - რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა.
რუმიანა ბაჩვაროვამ სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ამისთვის შესაბამის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
გიორგი მღებრიშვილი სტუმარს სამინისტროს საქმიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაზრდის გზით განხორციელდება.
საქართველოს და ბულგარეთის შს მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.