საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია ეწვია. საქართველოს და ბელარუსის შს მინისტრებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელარუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ხელს მოაწერენ სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.