შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ჯარის მოქმედი შტაბების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან მაჭავარიანმა უმასპინძლეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უწყების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ მდგომარეობას, პრობლემატიკას, გამოწვევებსა და რისკებს შეეხებოდა. დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესებს და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს.