საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარაეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და იმიგრაციული პროცესების მოწესრიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტი 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფთა აღმოჩენაზე, დაკავებასა და მათ ქვეყნიდან გაძევებაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი მოთავსების ცენტრიც აშენდა.
შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაში განთავსებულია სასადილო, სამლოცველო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე, შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ოჯახები განთავსდებიან ცალკე ბლოკებში. დაკავებულთათვის ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, გამოყოფილია სამედიცინო დახმარების ოთახები, ასევე, ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილია სათანადო პირობები უწყვეტი განათლების მისაღებად. გარდა ამისა, ცენტრში განთავსებულია შესაბამისად ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე, იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე. ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.
გახსნის ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერეს, მომსახურე პერსონალს გაესაუბრნენ, მიგრაციის დეპარტამენტის დებულებას და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას, რაც თავის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დამამთავრებელი ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებისათვის.