საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე.
შემუშავებული ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების გაუმჯობესება, აგრეთვე, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის დახვეწა/გაუმჯობესება, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირის რეგულაციებთან და გაზრდის საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის სანდოობას ევროპის ქვეყნებში.
კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა. ცვლილების შემდეგ, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი - "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება.
გარდა ამისა, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან და თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.
კანონპროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამად ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი "B" და "BE" კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 14 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის - 2022 წლის 3 ოქტომბრიდან.
აღსანიშნავია, რომ "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 1 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება.