საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.
გამოვლენილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;
- ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 60-ე მუხლი) 29 ფაქტი;
- საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) 8 ფაქტი;
- ძარცვის (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.
- დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ შორის:
- ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 77 ფაქტი;
- წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;
- დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი "სუბოქსინი", 45 აბი "კოდეინი", 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი "აქტიფედი", 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.
საპოლიციო კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.