შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ზ. შ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთი ელექტროტექნიკის მაღაზია დააყაჩაღა. ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო საპატრულო ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორებმა ირაკლი მარღანიამ და ვეფხვია სიჭინავამ მყისიერად მოახდინეს რეაგირება, განახორციელეს გაქცეული ზ.შ.-ს დევნა და იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 179-ე მუხლით).