შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი საპატრულო სპეცავტომობილის - „Ford Interceptor“-ის შესწავლისა და ექსტრემალური მართვის დაუფლების ორდღიანი ტრენინგი გაიარეს. ტრენინგი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა.
თეორიული კურსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა უილიამ მაქქუსლანდმა, ხოლო პრაქტიკული სწავლება ასევე ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა გრეგ პარკეტმა ჩაატარა.
„ექსტრემალური მართვის სწავლება პოლიციის საპატრულო "Ford Interceptor"-ის მანქანაზე“ მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: "Ford Interceptor"-ს შესაძლებლობები; ექსტრემალური მართვა და მანევრი, საჭირო საბაზისო მართვის სწავლა და უნარ-ჩვევები. ტრენინგის პირველი დღე თეორიულ კურსსა და ექსტრემალურ მართვას, მეორე დღე კი მთლიანად ჩქაროსნულ მართვას და მანევრებს დაეთმო.
ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა პატრულ-ინსპექტორი დაეუფლება ახალი საპატრულო სპეცავტომობილ „Ford Interceptor“-ის მართვას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ახალი სპეცავტომობილებით დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას ნოემბრის ბოლოდან დაიწყებენ.
„Ford Interceptor“ მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოების და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. იგი სპეციალურად აშშ-ს საპატრულო პოლიციისთვის არის შექმნილი. ახალი სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ სპეცავტომობილს. აღსანიშნავია, რომ „Ford Interceptor“-ის ავტომანქანებს სამწლიანი საექსპლუატაციო ვადა გააჩნია, რაც საპატრულო პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შენახვის ხარჯებს გაცილებით შეამცირებს.
აღნიშნული ავტომანქანის სალონის გამყოფი ტიხარი უზრუნველყოფს როგორც ეკიპაჟის, ასევე მგზავრების უსაფრთხოებას და იზოლაციას. ტიხარი დამზადებულია მაღალი გამძლეობის ფოლადისა და პოლიმერული მასალებისგან. სპეცავტომობილი კარებთან აღჭურვილია 2 დამატებითი ძლიერი ნათების მაშუქით, რომელიც ეკიპაჟს ეხმარება ღამის საათებში გაუნათებელი ადგილმდებარეობის შესწავლასა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებაში. სპეცავტომობილი არის სრული ამძრაობის (4X4), რაც მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და საიმედოობას უზრუნველყოფს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობას ასევე უზრუნველყოფს მაღალი გამძლეობის, სპეციალური მასალით დამზადებული საბურავები და ფოლადის დისკები. აღნიშნული ტიპის საბურავები არ იწარმოება სამოქალაქო სექტორისთვის და განკუთვნილია მხოლოდ სპეციალიზებული საპოლიციო მანქანებისთვის.