საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა.
საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - ლაშა ჯოხაძემ.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებს შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საერთო მიდგომების შემუშავება ზემოხსენებული მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტიანად დაძლევის თემატიკაზე, ასევე, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.