შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.
გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).