შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი - 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი გამოუცხადა.
„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი, ადამიანი გამოაკლდა ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს.
ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყოველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე.
ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად ბათუმში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა მეხანძრე-მაშველებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააცილეს.
თორნიკე კიპაროიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა. საპატიო ყარაულმა მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამორჩეული სიმამაცით მუშაობდა. 2014-2018 წლებში ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
თორნიკე კიპაროიძე დაჯილდოებულია მედლით - "სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის". მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.