შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ივლისის თვეში, წინა თვის მსგავსად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღინიშნეს სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის კუთხით გატარებული ზომების ეფექტურობა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველების აქტიური საქმიანობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენისა და ამოღების მიმართულებით.