შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადყოფნა დაასრულა.
ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო და მაშველებს წარმატება უსურვა.
სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.
2022 წლის საზღვაო სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზღვის, მდინარეების და ტბების სანაპირო ზოლებზე სულ ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 320 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, გარდა ამისა, მობილიზებული იქნება 50 ერთეული მცურავი საშუალება და 8 კვადროციკლი. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სეზონური მაშველები წელს გაზრდილი ხელფასით იმუშავებენ, წინა წლებთან შედარებით ისინი 25%-ზე მეტი თანხით მომატებულ შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.