შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე - ნათია მერებაშვილი.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა/ექსპერტებმა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრაზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო შეხედულება გამოითქვა.
მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემები/გამოწვევები; ვენეციის კომისიის რეკომენდაციები; პროექტის კონცეფცია და მიზანი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს სტრატეგია დაგეგმილი ცვლილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და სხვ.
პროექტი - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.