შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.