ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა სპორტულმა თამაშებმა სტარტი ძიუდოთი აიღო 14 ივლისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ასპარეზობის პირველივე დღეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში ათი მედალი: 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. უშანგი კუზანაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. რაც შეეხება 73 კგ წონით კატეგორიას, აქ გამარჯვება მიხეილ ხომიზურმა მოიპოვა, რომელმაც დაძაბული ფინალური შეხვედრა რუს ძუდოისტთან გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედალოსანი გახდა. ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ) ზვიად ჩინჩალაძემ თავის ასაკობრივ ჯგუფში 30-დან 39 წლამდე და ასევე საერთო ასაკობრივ ჯგუფში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბოლოთაშვილმა ორი დაძაბული ორთაბრძოლა ჩაატარა და ვერცხლის მედალი მიიღო. 81 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ მჭედლიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გელა ბარათაშვილმა, 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გვენეტაძემ თავის ასაკობრივ ჯგუფში – 21-დან 29 წლამდე, ვერცხლის, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი აიღო.
ქართველი სპორტსმენი პოლიციელები განაგრძობენ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის სპორტულ თამაშებზე ასპარეზობას.