შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, ქალაქ გორში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს სამინისტროს მიერ დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული სამუშაოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის შსს-ს საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობის და ამ კუთხით არსებული გამოწვევების სათემო დონეზე განხილვა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების იდენტიფიცირება და არსებულ პრობლემებზე რეაგირება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა სეგმენტების წარმომადგენლები. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში და მეორე მხრივ, შსს-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე.
მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, საქართველოს 10 ქალაქში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები ჩატარდება. შეხვედრებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შსს-ს ადმინისტრაციის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.