საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი გახსნეს. ცენტრის დაარსების მიზანია საქართველო-აშშ-ევროკავშირის სამმხრივი თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის სფეროში, საქართველოს აქტიური პარტნიორობა საერთაშორისო პროცესებში, საქართველოს შესაძლებლობების განვითარება რადიაციული გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შსს-ს კონტრიბუცია ადამიანური და მატერიალური რესურსებით.
დღესვე გაიმართა სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომელთა ინტენსიურ სწავლებაში მონაწილე, საუკეთესო შედეგების მქონე მსმენელებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, ასევე, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტიდან აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტის ხელმოწერა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, შშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა , აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს წარმომადგენლები.
საქართველოს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების მხარდასაჭერად და მაღალხარისხიანი საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფისთვის, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე რადიოაქტიური მასალების გადაადგილების კონტროლი. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რადიაციული კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტთან, რომლის „დაცვის მეორე ხაზის“ (SLD) პროგრამის ფარგლებში, (2006-2010 წწ) საქართველოს ყველა საერთაშორისო სგპ-ში დამონტაჟდა რადიაციული კონტროლის აღჭურვილობა და განხორციელდა პერსონალის მომზადება. SLD-ს პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის შესაძლებლობების განსავითარებლად დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
საქართველოს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლობა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტთან არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულებით, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების და პერსონალის სწავლების მდგრადი სისტემის განვითარება ასევე SLD-ს ოფისთან თანამშრომლობის სფეროებს წარმოადგენს.
ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, ოტდ-მ შეიმუშავა ახალი სასწავლო კურსი სგპ-ს თანამშრომლებისთვის და ევროკავშირის გაერთიანებული კვლევების ცენტრის (JRC) ტრანსურანიუმის ინსტიტუტის ხელშეწყობით, ორგანიზება გაეწია სგპ-ების თანამშრომელთა ინტენსიურ სწავლებას „საკონტროლო გამტარ პუნქტში რადიაციულ ნივთიერებათა აღმოჩენა და რეაგირება“. სწავლების შედეგად, შსს-ს საპატრულო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 330-მდე თანამშრომელი მომზადდა.