შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დეპარტამენტს ასევე ესტუმრა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.
სტუმრებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო ძაგნიძემ უმასპინძლა და მათ უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ, პაველ დობროჯეიმ და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საერთაშორისო აკრედიტაციები.