შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გუშინ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით, აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, მიეწოდა ინფორმაცია.
პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.
პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც.
ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.
გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.
გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.