შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.ლ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნ.ღ.-ს მისწერა, თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი. ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა თავის ნათესავთან, რის გამოც, იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ.-ს სახელზე გამოგზავნა თანხა - 300 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ.-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.