შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 1 პირი - ა.ჯ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1 თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს.
გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1 პირი - არასრულწლოვანი გ.ვ. დააკავეს.
გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანმა გ.ვ.-მ მიმდინარე წლის 31 იანვარს ქუთაისში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს. დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 142-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად არის ჩართული და ახორციელებს მონიტორინგს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ობიექტურად წარიმართოს.