შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 1 პირი - ა.ჯ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1 თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს.
გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1 პირი - გ.ვ. დააკავეს.
გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს, ქუთაისში, გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები.
გამოძიება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 142-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში აქტიურად არის ჩართული საწყისი ეტაპიდანვე და ახორციელებს მონიტორინგს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში ობიექტურად წარიმართოს.