შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი - საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ., 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ. ქვემო ქართლში სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.
პოლიციამ, ა.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კოროვინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 19 ვაზნა ამოიღო. ნ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „GOLD STAR“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ს.ჩ.-სგან კი - ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 33 ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.