შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ დ.კ.-ის წამებას, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს.
პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. იგივე მოქალაქეს - დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო.
ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.