შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამსახურის გავლისა და სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით მიიღეს.
ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობებად დაყოფა, რაც სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.
კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა და მაშველებს:
- 2016 წლის 1 სექტემბრიდან „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ;
- ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო;
- განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები;
- სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა;
- მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
- ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.
აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.
მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი გადაცემათ.
კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება და სამსახურიდან დათხოვნა.