შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და განადგურების წესი. კერძოდ, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის განსაზღვრული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.