შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.
ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს.
ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული.
2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
ეს გადაწყვეტილება NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.