შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველებმა მესტიაში, მენთაშის მთაში დაკარგულ უკრაინელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ორ უკრაინელ ტურისტს გზა აებნა. ისინი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფი. მაშველებმა 15-20 კილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით გაიარეს და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დაკარგული უკრაინელი ტურისტები იპოვეს. მაშველებმა ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს.