2015 წლის 12-15 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ლიტვისა და პოლონეთის რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლის მეორე ნახევრიდან ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით. პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა არის საქართველოს პარტნიორი.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია გაეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს, შსს-ს საჭიროებებს და შეიმუშავებს პროგრამის სამოქმედო გეგმას 2015 წლისთვის.
ლიტვისა და პოლონეთის რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორ შალვა კვინიხიძეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილს, შსს-ს აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილს და ექსპერტებს ჩამოთვლილი დეპარტამენტებიდან.